მიმდინარეობს საიტის განახლება.

საქართველოდან გასვლის მარეგულირებელი წესები იცვლება

25 აპრილი 2018

ბიუროს 153-ე  სხდომა

1. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების (ა. თალაკვაძე, ე. ბესელია, მ. მდინარაძე, გ. ვოლსკი, კ.კუჭავა, ო. დანელია, გ.ხატიძე და ზ. კვაჭანტირაძე) ინიციატივა საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე.  ცვლილებების  შესაბამისად:

  • თუ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მას შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე, თუ არ გააჩნია: ა) ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც გაცემულია უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში და რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღისთვის არანაკლებ 3 თვეა; ბ) უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი; გ) სასტუმროს/საცხოვრებელი ბინის მოქმედი ჯავშანი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი და მისამართი ან ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი; დ) სამოგზაურო დაზღვევა; ე) მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  • საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან/და მისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) დაისჯება  თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-6 წლამდე. საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-6 წლამდე. ასევე განთვალისწინებულია სასჯელები ამ ქმედებების განმეორებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენის შემთხვევაში.

ინიციატივები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15490

2. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრის პ. მხეიძის ინიციატივა პატიმრობის კოდექსსა და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. შემოთავაზებული ცვლილებებით:

  • ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელება შესაძლებელი იქნება ბიომეტრული მონაცემების მეშვეობით (თითის ანაბეჭდი), ხოლო მითითებული ბიომეტრული მონაცემების დამუშავების წესი და პირობები, ასევე, სატელეფონო ზარის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

  • განისაზღვრება რომ  შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაქტილოსკოპირება განხორციელდება ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით, ამ წესით  დაქტილოსკოპირება მოხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის, როგორც მიღების (პენიტენციურ დაწესებულებაში), ისე გათავისუფლების შემთხვევაში

  • დისციპლინური სახდელების ჩამონათვალს ემატება ხანგრძლივი პაემნით და ვიდეო პაემნით სარგებლობის უფლების შეზღუდვა.

  • ცვლილებები სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ კანონში ითვალისწინებს  ვაკანტურ თანამდებობაზე პირის უკონკურსოდ დანიშვნას, დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს; (გამოსაცდელი ვადის გარეშე)

ინიციატივები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15486

3. ბიუროზე დარეგისტრირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • დაინტერესებულ პირს დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართვის შესაძლებლობა ექნება სამინისტროს ცენტრალურ აპარატის და მისი ტერიტორიული ორგანოების, ასევე სსიპ - იუსტიციის სახლის ფილიალებისა და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრებისათვის.

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15491

4. ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრის რევაზ არველაძის ინიციატივა ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონსა და თანმდევ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • ერთი ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში შემოდის შეზღუდვა ორი ან მეტი ლიცენზიის (განაწილების ან წყალმომარაგების ) გაცემაზე

  • გათვალისწინებულია მომსახურების კომერციული ხარისხის წესების, ინვესტიციების შეფასების წესისა და ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესის - როგორც კომისიის მიერ მისაღები ნორმატიული აქტების დამატება

  • ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ყოველწლიურ ანგარიშს ნაცვლად 31 მარტისა წარადგენს 1 მაისამდე

  • კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის ამოქმედების ვადა, რაც, ნაცვლად 150 დღისა, განისაზღვრება 180 დღით

  • ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის ცნება დაიყო 2 კატეგორიად:  მომხმარებელი, რომელიც სავალდებულო წესით ექვემდებარება პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციას და მომხმარებელი, რომელიც ნებაყოფლობით რეგისტრირდება პირდაპირ მომხმარებლად

  • იცვლება კომისიის მიერ  მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების ვადა, ნაცვლად 1 ოქტომბრისა მიეთითება რომ დამკიცება უნდა მოხდეს წლის ბოლომდე

ინიციატივები იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15485

5. ბიუროზე დარეგისტრირდა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად:

  • ცვლილება ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩატარებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამ. საპრ. კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მიმართვის გარეშე მოპოვებულ და გამოყენებულ იქნეს ღია წყაროებში არსებული ინფორმაცია

  • შესაძლებელი ხდება, სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული როგორც პირის დაკითხვა, ასევე გამოკითხვა

  • ახლებურად რეგულირდება  საექსტრადიციო პროცედურების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე საექსტრადიციო პატიმრობის შეცვლის/გაუქმებისა და სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრების საკითხები,

  • კანონპროექტის თანახმად შესაძლებელი ხდება ექსტრადიციის განხორციელების, მათ შორის, ექსტრადიციის თაობაზე იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) საჭიროებიდან გამომდინარე, საექსტრადიციო წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების ხელახლა გამოყენება. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საექსტრადიციო პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა იყოს 9 თვეზე მეტი, როგორც ეს კანონმდებლობითაა დადგენილი.

  • სავალდებულო ხდება მოთხოვნის შემთხვევაში მხარეების მიერ იმ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლა, რომელთა წარდგენასაც ისინი სასამართლოში აპირებენ.

  • იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული

  • ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი ხდება 7 დღის ვადაში მისი გამოცხადებიდან

ინიციატივა იხ. აქ: https://info.parliament.ge/#law-drafting/15492

ჩემი პარლამენტი

აქ ნახავთ ვინ წარმოგადგენთ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება თქვენი სახელით